აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აშშ აწვდის ნატოს მეშვეობით .
მანამდე ცნობილი გახდა პენტაგონის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შეიარაღების მიწოდების გაყინვის შესახებ, თუმცა კონგრესის მხრიდან კრიტიკის შემდეგ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
„ჩვენ ნატოს ვუგზავნით იარაღს, ნატო კი 100%-ით იხდის ამ იარაღისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ გამავალი იარაღი ნატოში მიდის, შემდეგ ნატო ამ იარაღს [უკრაინას] მისცემს და ნატო ამ იარაღის საფასურს იხდის“, — განაცხადა ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 14 ივლისს რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს. მან არ დააკონკრეტა, თუ რა სახის განცხადებაზეა საუბარი.
დონალდ ტრამპს არ შეუჩერებია უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდება, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს იყო ავტორიზებული, მაგრამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ახალი დახმარებები არ დაუმტკიცებია.
„ბაიდენის ეპოქის დაფინანსების ამოწურვის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდება შემცირდებოდა, თუმცა ტრამპის ახლად აღმოჩენილმა მზაობამ, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი გაყიდოს, შესაძლოა ეს გათვლა შეცვალოს“, — წერს Axios.
