ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე კოლეგებს მოუწოდა, უზრუნველყონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ.
კრემერმა თქვა:
„წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც გიკრავთ სუნთქვას და გიწვავთ კანს და იწვევს სასტიკ ხველას და გულისრევას – არა მხოლოდ რამდენიმე წუთით, არამედ რამდენიმე დღის, კვირის, თვის განმავლობაში და როცა ცდილობთ, ჩამოიბანოთ, კიდევ უფრო მეტად გეწვით.
კოლეგებო, ეს კამიტის ეფექტებია – პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული ქიმიური იარაღის და დღეს დამოუკიდებელი მედიისგან ვიგებთ, რომ ის აქ, ევროპაში გამოიყენეს. რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
რატომ? იმიტომ, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, ქართველები კვლავ ბედავენ მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიული მმართველობისთვის, კანონის უზენაესობისთვის, და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის.
თუ ეს ცნობები სიმართლეა და ამ რეჟიმმა მართლაც გამოიყენა ქიმიური იარაღი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს ყველანაირ ამბიციაზე, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.
მაგრამ, კოლეგებო, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი თავად საქართველოზე უნდა ავიღოთ. იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ ვხედავთ სხვა საქართველოს, საქართველოს, რომელიც მტკიცედ დგას რეპრესიების წინააღმდეგ და რომელიც არ გაყიდის თავის ევროპულ სულს კრემლის მარიონეტად გადაქცევისთვის.
ჩვენ ვხედავთ ამ საქართველოს, რომელსაც ვხედავთ თბილისის ქუჩებში და ვხედავთ მას აქ, სტრასბურგში, განასახიერებს მზია ამაღლობელი, სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი, ჟურნალისტი, რომელიც დაპატიმრებულია შეთითხნილი ბრალდებებით, მაგრამ რომლის გამბედაობა და მშვიდი დაუმორჩილებლობა ყოველდღიურად ავლენს მისი მჩაგვრელების სისუსტეს. კოლეგებო, მოდით, შთაგვაგონოს ამ გამბედაობამ და ჩავატაროთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
მოდით, საბოლოოდ დავაწესოთ რეალური და მიზანმიმართული სანქციები, არა მხოლოდ რამდენიმე დიპლომატიურ პასპორტზე, არამედ თავად მმართველ ივანიშვილსა და მის თითოეულ თანამზრახველზე, რომელიც ასეთ საზარელ დანაშაულებშია ჩართული.
კოლეგებო, ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ გამბედაობას იჩენენ თავისუფალი და დემოკრატიული ევროპისთვის ბრძოლაში. მოდით, ჩვენც იგივე გავაკეთოთ“.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }