„ტკბილი ქვეყანა“ სააღდგომოდ 500 000-მდე პასკის დამზადებას გეგმავს

სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან იგეგმება პასკების წარმოება და როგორი პასკებია ბაზარზე აქტუალური.
ამ თემასთან დაკავშირებით, პასკის მწარმოებელ კომპანიებს დავუკავშირდით. მათ შორის, „ტკბილ ქვეყანას“.
შპს „ტკბილი ქვეყანა“ 2005 წელს დაარსდა და ბაზარზე 19 წელია ოპერირებს. კომპანია 14 სხვადასხვა ზომის და დასახელების პასკას აწარმოებს და რეალიზაციას აღდგომამდე 2 კვირით ადრე იწყებს.
კომპანიის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, „ტკბილი ქვეყანა“ სააღდგომოდ 500 000-მდე პასკის რეალიზებას გეგმავს.
„პასკების ცხობის პერიოდი ჩვენს საწარმოში წელს აპრილის პირველი კვირიდან დაიწყება და დაახლოებით 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
რეალიზაციის პროცესი აღდგომამდე 2 კვირით ადრე იწყება, რადგან ჩვენს ერთგულ მომხმარებელს უკვე ამ პერიოდიდან სურს ჩვენი პასკის დაგემოვნება.
14 სხვადასხვა ზომის და დასახელების პასკა გვაქვს, გასულ წელს ახალი პროდუქტი ჩავუშვით – „პანატონე“.
დამზადებული პასკების რაოდენობა იქნება იგივე, რაც 2023-ში, დაახლოებით 500 000-მდე. ყველაზე მოთხოვნადი კლასიკური საფირმო პასკაა (ყუთში)“.
პასკების ფასში მცირედი ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებთ, ჯერჯერობით უცნობია.