ტიკტოკზე “ქურდული სამყაროს” შეურაცხყოფის გამო ცემის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

დაკავებული ვ.ჭ-ს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია ბრალის დადგენილება, არ გასცნობია საქმის მასალებს, თუმცა როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციით იცის, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან არასრულწლოვანი – 13 და 15 წლის – ძმების მიმართ ძალადობას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, 17 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა.
ინფორმაცია ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თავდაპირველად მედიაპორტალმა “ქართლის ამბებმა” გაავრცელა, სოციალურ ქსელში მშობლების ერთ-ერთ ჯგუფში წამოჭრილ დისკუსიაზე დაყრდნობით.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ,,ქართლის ამბებს” მოუყვა, სასტიკად იყო ნაცემი არასრულწლოვანი, რომელმაც ტიკტოკზე დაწერილ კომენტარში კრიმინალური სამყარო უარყოფითად მოიხსენია.
“ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ – დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით”, – უთხრა ერთ-ერთმა მშობელმა “ქართლის ამბებს”.
არსებული ინფორმაციით, შვილების ცემის გამო პოლიციას 13 და 15 წლის ძმების დედამ მიმართა.
ქალმა რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა. “ნუ ავაფორიაქებთ ჩემს შვილს, ისედაც სტრესშია, ახლა მისი სიმშვიდე მაღელვებს, მეტი არაფერი”, – მოგვწერა მან.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, 16 წლის ეჭვმიტანილი პოლიციაში თავად გამოცხადდა, მას შემდეგ რაც, მის სახლში გამომძიებლები მივიდნენ.
“საქმის გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილია, თუმცა მისი გახმოვანებისგან თავს შევიკავებ. პოლიციამ მშობლები გამოჰკითხეს და ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვცხადებულიყავით იმის გასარკვევად, რისი გარკვევა სურდათ”, – უთხრა თამარ თედლიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაზარალებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კლინიკასაც მიმართა, მას სახეზე ჰქონდა დაზიანება.
როგორ “გორმედში” უთხრეს რადიო თავისუფლებას, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე ხვალ შეძლებენ პასუხის გაცემას, ნამდვილად მათ კლინიკას მიმართა თუ არა არასრულწლოვანმა და რა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს მას.
მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხვალ ან ზეგ მომიწევს, ცივი გონებით, სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად – დარწმუნებული ვარ, წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება