დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა იგივეა, ერთ-ერთშია, რაც 1989 წლის რიტორიკა იყო! მაშინდელი გაზეთები რომ გადაათვალიეროთ, ნახავთ, რა ხდებოდა “რადიკალებზე“ – ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას “რადიკალებს“ ეძახდნენ, მაშინაც “უცხოურ ძალებზე“ საუბრობდნენ! რუსული პროპაგანდისტული ნარატივი არ იცვლება! – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანმა ისაუბრა.
როგორ ქელბაქიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი ვერ ახსენა.
“იზოლაციონიზმის გზა აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება. ამის შემდეგ ამხელა იმპერიის წინაშე რა გიცავს?! – როდესაც ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება, ადვილად საკბილო ხდება! ადვილად გადაგყლაპავს!“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
ქელბაქიანის შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა კრიტიკული ველის მოსუფთავება, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. სწორედ ამ მიზნებს უკავშირებს ის პარლამენტში “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.
“ხელისუფლებისთვის პრობლემაა ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ყოველთვის ემსახურებოდა მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებას, მათ სამართლებრივ დახმარებას, არჩევნებზე დაკვირვებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციის გამოვლენას. ეს ის კონტროლის მექანიზმებია, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებას და დარღვევების გამოვლენას უწყობს ხელს. ხელისუფლებას არანაირად აწყობს, რომ ვილაპარაკოთ კორუფციაზე, არჩევნების გაყალბებაზე, არ აწყობს ვისაუბროთ სასამართლოში არსებულ კლანზე.
თავდაპირველად მიღებულმა “რუსულმა კანონმა“ არ იმუშავა. [გრანტებზე შეზღუდვები ერთადერთი აზერბაიჯანშია დაწესებული] აზერბაიჯანში სამოქალაქო სექტორი აღარ არსებობს და რა გრანტებიც არსებობს, მათი გაცემა მთავრობის გავლით ხდება. ჩათვალეს, რომ FARA მათ ვერ აზღვევს, რადგან ეს კანონი რეგისტრაციას იმ შემთხვევაში გავალდებულებს, თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხალხის ინტერესებს ვატარებთ და ჩვენს ხალხს ვემსახურებით. სწორედ ამიტომ ახლა “გრანტების შესახებ“ კანონით შეზღუდვის დონორებისა და გრანტის მიმღებების დონეზე დაწესებას ცდილობენ. სურთ, ვერანაირი გრანტი ვერ გაიცეს თუ მთავრობის წინასწარი თანხმობა არ არის. როგორ ფიქრობთ, ვის მისცემენ ისინი თანხმობას?! ავიწყდებათ, რომ უცხოური გრანტის 80%-ზე მიმღები თვითონ მთავრობაა – მაგალითად, ჩვენ უამრავი პროექტი გვქონია, როცა ყველაფერი მთავრობასთან თანამშრომლობით გაკეთდა“, – განაცხადა ქელბაქიანმა.
ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ ხელმძღვანელმა ცესკოს ახალ დადგენილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო კარუსელი კანონდება.
“ვერ დააკვირდე ვერიფიკაციის აპარატს, არ შეგეძლოს პირადობის მოწმობების კონტროლი არის ფორმალურ დონეზე იმის შემოტანა, რომ კარუსელის კარგად ჩასატარებლად ველი მოასუფთავო. იმარტივებენ გზას, რათა კარუსელები ეფექტურად ატარონ.
ყველა ნაბიჯი არის ავტორიტარიზმიდან სრულ დიქტატურამდე. ახლა ამ პროცესში ვართ – არჩევნები საქართველოში კომუნისტების რეჟიმის დროსაც ტარდებოდა“, – განაცხადა ქელბაქიანმა.
