ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

კამბოჯა და ტაილანდი ორი ქვეყნის სადავო საზღვარზე რამდენიმედღიანი შეტაკებების შემდეგ შეთანხმდნენ „ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე“, რომელიც ადგილობრივი დროით შუაღამისას დაიწყება.
სამშაბათს, 29 ივლისს, კამბოჯის და ტაილანდის რეგიონული მეთაურები შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ განაცხადა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შუამავლობდა, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ამჟამინდელი თავმჯდომარე.
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სასაზღვრო დაპირისპირების ბოლოდროინდელ გამწვავებაში. ტაილანდისა და კამბოჯის ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკებებისას, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. საზღვართან დაკავშირებული დავა ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში და ჩინეთიც მონაწილეობდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს გამოაცხადა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ლოკალიზებული საბრძოლო მოქმედებები მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ტრამპმა განაცხადა, რომ გააფრთხილა ტაილანდის და კამბოჯის ლიდერები, რომ სავაჭრო გარიგებებს არცერთ ქვეყანასთან არ დადებდა, თუ სისხლიანი სასაზღვრო კონფლიქტი გაგრძელდებოდა.