სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკრიტიკებს აშშ-ს საელჩოს განცხადების გამო, რომელშიც თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო აფეთქების მუქარაზეა საუბარი.
უწყებაში ინფორმაციას ცრუ შეტყობინებას უწოდებენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 მაისს, საღამოს საათებში, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ აქვთ ინფორმაცია “თბილისი მოლში”, “გალერეა თბილისსა” და “ისთ ფოინთში” სავარაუდო აფეთქების მუქარის შესახებ. საელჩომ თანამშრომლებსა და აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აერიდებინათ ამ სივრცეებისთვის ინფორმაციის დაზუსტებამდე.
