საქართველოსთვის ომში მენაღმე ვიყავი, ყველაზე რთული და საშიში პოზიციაა, მაგრამ იქ არ მეშინოდა, რადგან ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა და როგორმე ვიზებითაც [ვერ შემაშინებენ] – არანაირი სანქციის არ გვეშინია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ უბრძოლია, რომ “ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაანაცვლოს”.
“საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და გამჭვირვალობისთვის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს უფლება და მიყვანილი იქნება ბოლომდე. ვგულისხმობ ვეტოს დაძლევასაც. იმ დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაგვენაცვლებინა. მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საქართველოსთვისაა საჭირო და რომლის მსგავს კანონებს იღებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ხოლო ძალიან ბევრ ქვეყანას დიდი ხნის წინ აქვს მიღებული. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი, ოღონდ გაცილებით მკაცრი, მოქმედებს უკვე თითქმის 80 წელია; საფრანგეთში ახლა მიიღეს, ბრიტანეთში დიდი ხანია მიღებულია; ევროკავშირი ახლა იღებს. ჩვენ ვერ ვიქნებით მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, არ ვართ კოლონია, რომ ის, რაც მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყოს საქართველოსთვის”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.