სოზარ სუბარი ოპოზიციას – მოვისმინეთ განცხადებები: „ქალების პოლიტიკიდან განდევნა“, „ქალების პოლიტიკური მკვლელობა“ და კიდევ ბევრი – ხაზარაძის მაგივრად სამადაშვილი აირჩიეთ, გახარიას ნაცვლად მეზვრიშვილი, ხაბეიშვილის ნაცვლად წითლიძე, თუ გინდათ სიებში 120% ჩაწერეთ ქალები

რა გინდათ, რატომ გინდათ ეს კანონის დონეზე დაარეგულიროთ, როდესაც თქვენს პარტიებში შეგიძლიათ გაატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც სწორად მიგაჩნიათ? – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ საუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა.
მისი თქმით, კანონი ნეიტრალური უნდა იყოს და პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, საარჩევნო სიაში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა.
„ხმამაღალი განცხადებები იყო: “ქალების პოლიტიკიდან განდევნა”, “ქალების პოლიტიკური მკვლელობა”, რა ვიცი, კიდევ ბევრი. უბრალოდ, მართლა, მოგიწოდებთ, გუშინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, მაგალითად, ხაზარაძის მაგივრად სამადაშვილი აირჩიეთ, გახარიას ნაცვლად მეზვრიშვილი, ხაბეიშვილის ნაცვლად წითლიძე, თუ გინდათ [საარჩევნო სიებში] 120% ჩაწერეთ ქალები და იქნებით კარგად წარმოდგენილები პარლამენტში. კანონი კი ნეიტრალური იყოს. ყველას ექნება საშუალება, ვიღაცა ჩაწერს ქალებს, ვიღაცა ჩაწერს კაცებს, ვიღაცა შერეულს. მარტივად არის საქმე“, – განაცხადა სოზარ საუბარმა.