სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი Samsung-ს ერგო

Apple-მა სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი დაკარგა, პირველ პოზიციაზე კი Samsung-მა გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას THE FINANCIAL TIMES-ი ავრცელებს.
როგორც სტატიიდან ირკვევა, ფირმის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში Apple-ის გაყიდვები 10%-ით შემცირდა. ბაზრის უდიდესი, 20.8%-იანი წილი კი Samsung-მა დაიკავა. ასევე, გლობალურად სმარტფონების მიწოდება ამავე პერიოდში 7.8%-ით გაიზარდა და 289.4 მილიონი ერთეული შეადგინა.
IDC-ის მონაცემებით, Apple-მა პირველ კვარტალში 50.1 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვა შეძლო. გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 55.4 მილიონ ერთეულს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სმარტფონების გლობალურ ბაზარზე მესამე ყველაზე დიდი წილი ჩინურ Xiaomi-ს აქვს (14.1%).
კომპანია Samsung-მა საკუთარი ფლაგმანური მოდელის ახალი ვერსიის, Galaxy S24-ის წარდგენის შემდეგ, 60 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა. გასულ წელს Galaxy S23-ის გაყიდვებთან შედარებით, ეს 8%-იან ზრდას წარმოადგენს.
ცნობისთვის, Apple-მა სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი Samsung-ს დეკემბერში ჩამოართვა, როდესაც კომპანიის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ