“სისტემური ხარვეზია” – საქართველოში ახალშეძენილი იარაღის რეგისტრაცია შეჩერებულია

საქართველოში ორ კვირაზე მეტია შეჩერებულია ახალშეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
საქართველოში იარაღის რეგისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს – სწორედ იქ მიდის მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობით, იარაღის ყიდვის დამადასტურებელი ინვოისით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ირეგისტრირებს ახლანაყიდს ან იფორმებს ნაჩუქარ იარაღს – ჩუქების შემთხვევაში სააგენტოში მიდის ორივე, როგორც მჩუქებელი, ასევე ის ადამიანი, ვინც ამ იარაღის მფლობელი ხდება. რეგისტრაციამდე ახლანაყიდი იარაღი ინახება მაღაზიაში.
არც სააგენტოს ვებსაიტზე და არც ამ უწყების გვერდზე სოციალურ ქსელებში არ იძებნება ინფორმაცია იარაღის რეგისტრაციის პროცესში არსებულ შეფერხებაზე. ბოლო ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო იარაღის რეგისტრაციის შესახებ აქვეყნებს, 30 აპრილითაა დათარიღებული და ეხება უკვე შეძენილი სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადის გახანგრძლივებას. ეს პროცესი, ახალი იარაღის რეგისტრაციისგან განსხვავებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სააგენტოს ცხელ ხაზზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იარაღის გაფორმება 11 მაისის შემდეგ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით, ვინაიდან შეუძლებელია იმის თქმა, როდის შეძლებს უწყება “სისტემური ტექნიკური ხარვეზის” აღმოფხვრას. არც სააგენტოს ცხელ ხაზზე და არც უწყების პრესსამსახურში უფრო კონკრეტულად არ განმარტავენ, რა სახისაა ტექნიკური პრობლემა, რა კვალიფიკაციის ჯგუფი მუშაობს მის აღმოფხვრაზე და რატომ არის შეუძლებელი პრობლემის მოგვარების ვადის დასახელება. პრესსამსახური მხოლოდ იმას გამორიცხავს, რომ იარაღის რეგისტრაციის შეფერხება რაიმენაირად იყოს დაკავშირებული მიმდინარე პროტესტთან.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული იარაღის სტატისტიკის და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დინამიკის შესახებ – უწყებიდან ამ მონაცემების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა