კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა“, – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა. ასევე, ლავროვის მტკიცებით, აუცილებელია უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს.
ამასთან, ლავროვის მტკიცებით, დასავლეთი ხვდება, რომ უკრაინაში სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის.
„ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება – სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.




