სენატორი შაჰინი აკრიტიკებს გრანტის მისაღებად „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილ ახალ წესს

აშშ-ის სენატის დემოკრატი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელი ჯინ შაჰინი დემოკრატიისგან მორიგ უკან დახევად აფასებს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობას ითვალისწინებს.
ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ X-ში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად მორიგი კანონპროექტის დაჩქარებულად მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის და ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უკიდურეს დამოუკიდებლობას.
„ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 16 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „გრანტების შესახებ კანონში”, რომლის თანახმად, გრანტის გასაცემად და მისაღებად აუცილებელია მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ეს კანონი კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს და დაემატა ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც ძირს უთხრის საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს.
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უმრავლესობა წლებია პროექტებს ახორციელებს უცხოეთიდან მიღებული გრანტებით.
არასამთავრობო სექტორს და მედიას მწვავე პრობლემები შეუქმნა და დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონმა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტმა“. ცვლილება შევიდა მაუწყებლობის კანონშიც და მაუწყებლებს შეეზღუდათ უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების განთავსება.
ფორუმი