სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ვეტერინარის საქმიანობა აიკრძალა – როგორ შეიძლება სერტიფიცირება

მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები. მათ შორისაა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
უწყების განმარტებით, 2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემოდა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. ამ წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1-ელ იანვრამდეა განსაზღვრული.
როგორ ჩატარდება გამოცდები?
სასერტიფიკატო გამოცდებს ორგანიზებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაუწევს.
· გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ, ტესტური ფორმით.
· ენები: ქართული, ინგლისური ან რუსული.
· ჩაჭრის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში კიდევ 2-ჯერ გავიდეს გამოცდაზე (6-თვიანი ინტერვალით).
ვეტერინართა რეესტრი და კონტროლი
იქმნება ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა ეროვნული რეესტრი – ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც დაფიქსირდება ინფორმაცია სპეციალისტის კვალიფიკაციის, სამუშაო ადგილისა და უწყვეტი პროფესიული განათლების შესახებ.
კანონმდებლობა ასევე აწესებს მკაცრ სანქციებს დარღვევებზე. ვეტერინარს შეიძლება შეუჩერდეს ან გაუუქმდეს სერტიფიკატი, თუ:
· მნიშვნელოვნად არღვევს პროფესიულ სტანდარტებს;
· საფრთხეს უქმნის ცხოველის სიცოცხლეს;
· საქმიანობს სერტიფიკატით დადგენილი ფარგლების მიღმა.
ამასთან, ახალი წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების საქმიანობაზე. გამონაკლისს წარმოადგენენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროგრამებსა თუ პროექტებში დასაქმებული ვეტერინარები, რომლებიც უშუალოდ ვეტერინარულ პრაქტიკას არ ეწევიან.(ბიემჯი)