მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბრისას რუსეთთან მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას „პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები განიხილა“.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა, შესაძლოა, 23 ოქტომბერს შედგეს.




