აშშ ტოვებს UNESCO-ს – გაერთიანებული ერების განათლებისა და კულტურის სააგენტოს, რის შესახებაც ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტემი ბრიუსის თქმით, იუნესკო ხელს უწყობს სოციალური და კულტურული საკითხების გამყოფ დღის წესრიგს და გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
“ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ‘America First’ საგარეო პოლიტიკას”, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის დეკემბრიდან შევა.
ტრამპმა ეს ნაბიჯი უკვე მეორედ გადადგა – მან პრეზიდენტობის პირველი ვადისასაც მიიღო აშშ-ის UNESCO-დან გასვლის გადაწყვეტილება, თუმცა ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაუქმდა.
აშშ UNESCO-ს ბიუჯეტის დაახლოებით 8%-ს რიცხავდა, ამიტომ ფინანსური ზარალი ნაკლებად მძიმეა, ვიდრე სხვა სააგენტოებისთვის, როგორიცაა WHO, რომლისთვისაც აშშ მთავარი ფინანსური დონორია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა აშშ-ის გასვლა UNESCO-დან, რადგან ის მხარს უჭერს woke, გამყოფ კულტურულ და სოციალურ მიზნებს, რაც სრულიად შეუსაბამოა იმ საღი აზრის პოლიტიკასთან, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ნოემბერში აირჩია”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ.
თებერვალში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 90 დღის განმავლობაში აშშ-ის UNESCO-ს წევრობის საკითხს გადახედავდნენ. თეთრი სახლი აღნიშნავდა, რომ ორგანიზაციამ, ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეფორმირება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოხატავდა ანტი-ისრაელურ დამოკიდებულებებს და მან არ გასცა სათანადო პასუხი ვალების დაგროვებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
აშშ UNESCO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია 1945 წლიდან, მაგრამ ეს იქნება მესამე შემთხვევა, როცა ის ორგანიზაციას ტოვებს. პირველად 1983 წელს რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ დატოვა UNESCO, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზაცია ავლენდა ანტიდასავლურ მიკერძოებას და ზედმეტად აპოლიტიზებდა ყველა საკითხს. 2003 წელს აშშ დაბრუნდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, რომელმაც UNESCO-ს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
ტრამპმა უკვე დატოვა UNESCO 2017 წელს, თავის პირველ ვადაში. მაშინ ოფიციალურად მიზეზებად დასახელდა დაგროვილი დავალიანება, ფუნდამენტური რეფორმების საჭიროება და ორგანიზაციის ანტი-ისრაელური დამოკიდებულება. აშშ იუნესკოში დაბრუნდა 2023 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში. დაბრუნების პირობად აშშ დათანხმდა დაახლოებით 619 მილიონი დოლარის დავალიანების გადახდას, ასევე ფონდების გაღებას ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა აფრიკაში, ჰოლოკოსტის მეხსიერების დაცვა და ჟურნალისტების უსაფრთხოება.
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ დასანანია, მოსალოდნელი იყო და ორგანიზაცია მასთან გამკლავებისთვის მზად იყო.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს. აზულემ უარყო აშშ-ის ბრალდებები და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ჰოლოკოსტის შესახებ განათლებისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ განახორციელა სტრუქტურული რეფორმები.
