სახალხო დამცველი: საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს დაკავებების უკანონო პრაქტიკას

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ბოლო კვირის განმავლობაში ხუთი პირის უკანონოდ დაკავებას სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წლის აპრილში უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს ხუთი მოქალაქე.
„აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას“, – წერია ომბუდსმენის განცადებაში.
სახალხოი დამცველი მიუთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ს ფედერაციას დააკისრეს პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა.
„რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაც“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
22 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი