„საქსტატი“ – 2024 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 35.5% თბილისში იყო განთავსებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.5% თბილისში იყო განთავსებული, 17.3 % იმერეთის, 12.2% სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7% კახეთის, 7.1% ქვემო ქართლის, 5.1 % აჭარის, 4.6% შიდა ქართლის, 2.0% მცხეთა-მთიანეთის, 2.0% სამცხე-ჯავახეთის, ხოლო 1.5 % გურიისა და 1.0% რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდიოდა 2024 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 75.1 %, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 21.8 %.
„დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ ან სააქციო საზოგადოების (2.1 %) ან კოოპერატივის (1.0 %) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. 2024 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9 % კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 4.1 % სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებული იყო 2.0 მილიონ კვ. მეტრ ფართობზე, მათ გააჩნდათ 61 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 22.1 ათასი კვ. მეტრი ჯამური ფართობის 1059 შემნახველი საკანი (საწყობი) და 0.8 ათასი ტონა ტევადობის 366 მაცივარი. 2024 წელს მოქმედი ბაზრობების 36.1% გადახურული იყო (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობდა), 34.5 პროცენტი იყო ღია ტიპის (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობის გარეთ), ხოლო 29.4 პროცენტი იყო ნახევრად გადახურული (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობაშიც და შენობის გარეთაც). 2024 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდებოდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა.
ბაზრებისა და ბაზრობების 31.0 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობდა მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილებითაც, ხოლო სამ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებული იყო კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობდა 151 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 25 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობდა 2 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ან ოთხდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე იყო 47.4 ათასი სავაჭრო ადგილი, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.5 ათასი კაცი შეადგინა.
2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 32.4 პროცენტი იყო ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 46.9 პროცენტი მოდიოდა ქალაქ თბილისზე. 2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 194.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 12.0 მილიონი ლარი (6.2 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, 167.6 მილიონი ლარი (86.2 პროცენტი) სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 14.8 მლნ ლარი (7.6 პროცენტი) სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 115.2 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო 48.7 მილიონი ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, ბევრი ინფორმაცია მაქვს თბილისის პრობლემების შესახებ, გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ – ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას