ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პირი მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, არ აძლევს მას მანიპულაციის და დეზინფორმაციის შექმნის, მცდარი აღქმებით პიროვნებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების უფლებას.
“ჩვენი სესიის განმავლობაში, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. მსგავსი აგრესია იყო საქართველოს მიმართაც 2008 წელს. ამჟამად, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიმდინარე ეტაპზე, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომელიც ევროპული დღის წესრიგითაა განსაზღვრული. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ ვამაყობთ ამით, რადგან ეს არის აღიარება საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ჩვენ მიერ განხორციელებული შრომისა, რომელიც ჩვენ გავწიეთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ეს არის ასოცირების შეთანხმების განხორციელება.
საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომ მოხდეს ჩვენი ეროვნული სამართლებრივი სივრცის ჰარმონიზება ევროპულთან და ეროვნული ინსტიტუციების მოწყობა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. სიამაყით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა შედგენილი, საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს და ეს პოზიციები წლიდან წლამდე უმჯობესდება. რეიტინგები ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციის კონტროლს, ნდობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ. ბოლო წლებში, ჩვენი ეკონომიკა 10-11%-ით გაიზარდა, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პროცესის წინააღმდეგი არიან და ევროინტეგრაციას ბოიკოტს უცხადებენ. ასე მაგალითად – გასულ წელს, მათი უმრავლესობა არ მონაწილეობდა რეფორმებში, რომელიც პარლამენტში განვახორციელეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უფრო მეტიც, გუშინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ასამბლეას მიმართეს და დეზინფორმაციული განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.