„საქართველოში, შავის ნაცვლად, ნაცრისფერი პარასკევი გვაქვს, რადგან ბაზარზე დიდი ფასდაკლებები ფაქტობრივად არ გვხვდება“ – ლევან კობერიძე

ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ შავი პარასკევის ისტორიასა და გაყიდვებში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შავი პარასკევის ცნება -ში შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად, კომპანიების მიზნების მიხედვით გამოიყენება.
„შავი პარასკევის ცნება შეიქმნა აშშ-ში. მე-19 საუკუნის ბოლოს იყო ასეთი ბიზნესმენი ფრედ ვუდვოპი, რომელმაც ერთ-ერთი დღესასწაულის მომდევნო კვირას თავის მაღაზიებში გააკეთა სპეციალური ფასდაკლებები. მან გარკვეულ პროდუქციას ისეთი ულტრადაბალი ფასი დაადო, რომ ის პროდუქცია სრულად ამოიყიდა. ეს იყო შავი პარასკევის დასაწყისი ბიზნესსა და მარკეტინგში.
შემდეგში შავი პარასკევი სხვადასხვა მიზნით ცხადდებოდა. ერთ-ერთი იყო ე.წ. ჩაწოლილი პროდუქციის ამოყიდვა, ასევე გარკვეული პროდუქციის ამობრუნება და მისგან ქეშის მიღება. ფაქტია, რომ შავი პარასკევი დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობაა მსოფლიო მასშტაბით“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.
მისი თქმით, შავი პარასკევის ტრადიცია საზღვარგარეთ ნამდვილად მოგებულს ტოვებს როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს, ამიტომ ორივე მხრიდან ამ ფასდაკლებების მიმართ ინტერესი დიდია.
„შავი პარასკევი საზღვარგარეთ მომხმარებლისთვის არის ძალიან დიდი შანსი, რომ საკმაოდ მოთხოვნადი და კარგი ხარისხის პროდუქტი შეიძინოს დიდი ფასდაკლებით, 70-80%-ით ნაკლებ ფასად. სწორედ ამიტომ ვხედავთ ხოლმე სხვადასხვა უცხოურ მაღაზიებში ხალხმრავლობას. მომხმარებლები ერთმანეთს ეჯიბრება თუ ვინ დაასწრებს ამ პროდუქტის ყიდვას, რადგან მათი რაოდენობა ლიმიტირებულია ხოლმე. ეს სწორედ ისეთი პროდუქციაა, რომელზედაც მოთხოვნა დიდია და არა ისეთი, რომელიც ჩაწოლილია და ვერ იყიდება.
მაღაზიებისთვის კი ასეთი შეთავაზებები მოგებიანია, რადგან ისინი ერთ ან რამდენიმე პროდუქტზე აცხადებენ მაღალ ფასდაკლებას და მათ შესაძენად მისული მომხმარებელი იმდენად კმაყოფილია შენაძენით, რომ სხვა პროდუქტებსაც ყიდულობს იქ. შესაბამისად, სასაქონლო კალათი, რომლითაც მომხმარებელი მაღაზიიდან გამოდის, მოგებულს ტოვებს როგორც მომხმარებელს, ისე მაღაზიას“, – განაცხადა ბიზნესკონსულტანტმა.
მან შავი პარასკევის უცხოური და ქართული ფასდაკლებების ერთმანეთთან შედარებისას აღნიშნა, რომ საქართველოში პროდუქციის ფასები დიდად არ იკლებს, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ნაცრისფერი პარასკევი გვაქვს.
„რაც შეეხება საქართველოში შავ პარასკევს, მე ვიტყოდი რომ ამას უფრო ნაცრისფერი პარასკევი ჰქვია. აქ ჩვენ ვხედავთ რომ 2 ტენდენცია იკვეთება. ერთია ის, რომ დაახლოებით ისეთივე ფასდაკლებები, რაც წლის სხვა დროსაც აქვთ ხოლმე მაღაზიებსა და პროდუქტების მწარმოებლებს. ასეთია მაგალითად სააფთიაქო ქსელები, რომელთაც მაქსიმუმ 50%-იანი ფასდაკლებები ისედაც აქვთ ხოლმე ზაფხულში ან საახალწლო პერიოდში. მე რასაც მოვკარი თვალი, ნამდვილად კარგი ფასდაკლება აქვს მხოლოდ „ალტას“ ან კიდევ რამდენიმე კომპანიას. უმრავლესობას აქვს ასე ვთქვათ, ფერმკრთალი, ნაცრისფერი, ფასდაკლებები. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ცოტათი იმედგაცრუებული რჩება.
მეორე ტენდენციად იკვეთება ის, რომ ვთქვათ, რაღაც მოთხოვნად პროდუქტზე ცხადდება ფასდაკლება, მომხმარებელი მიდის ადგილზე და მას ეუბნებიან, რომ ეს პროდუქტი ლიმიტირებული იყო და აღარ არის მარაგში. ამ შემთხვევაში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. ამას არავინ ამოწმებს, თუ რამდენი ერთეული იყო გამოტანილი ფასდაკლებით ან იყო თუ არა საერთოდ. ამიტომ ხშირად ვხვდებით არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქართული კომპანიების მიერ ასეთ მოქმედებას მალე ინტერნეტვაჭრობა მოჰფენს ნათელს, რადგან მომხმარებლებმა ისწავლეს, რომ რეალურად დიდი ფასდაკლებებით ნივთების შეძენა, მარტივად, უცხო ქვეყნებიდან შეუძლიათ.
„ქართული ნაცრისფერი პარასკევის ყველაზე კარგი კონკურენტი და დამსჯელი არის ინტერნეტვაჭრობა. ვფიქრობ, რომ საქართველოში რითეილ ბიზნესში შავი პარასკევის განაცრისფრებას ყველაზე დიდი მტერი ჰყავს ინტერნეტვაჭრობის სახით.
მომხმარებელი მიხვდა, რომ შეუძლია პროდუქტები რეალური, მართლაც კარგი ფასდაკლებით შეუძლია გამოიწეროს, მაგალითად თურქეთიდან ან საბერძნეთიდან. ამიტომ ინტერნეტვაჭრობა ძალიან მალე გამოააშკარავებს საქართველოში ნაცრისფერი პარასკევის ხრიკებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.