სომხეთის საელჩო საქართველოში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქოს გამოხმაურება სომხეთ-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაოგნებას იწვევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული ჯარის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა.
„სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას. სომხეთი და აზერბაიჯანი უმაღლეს დონეზე შეთანხმდნენ, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. სომხეთის რესპუბლიკა იცავს ამ პრინციპს და არ აქვს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებული 29 ათასი 743 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის მიღმა. სომხეთის რესპუბლიკამ თავისი მიდგომა პრაქტიკაში დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ღაზახის რეგიონის ოთხი სოფლის დელიმიტაციის განხორციელების ინიციატივით. მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაასრულოს სომხეთის რესპუბლიკის 30-ზე მეტი სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიების ოკუპაცია.
აზერბაიჯანის პრაქტიკა, რომელიც მოსახერხებელი ყოველი შემთხვევისათვის პროგნოზირებს რეგიონულ ესკალაციებს, დამაფიქრებელია და არაერთი ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზების გასამართლებლად მოდის, რომ აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პროცესს, 2024 წლის ნოემბერში ბაქოში COP29 სამიტის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი აგრესიის წამოწყებისთვის.
საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ვაქცევთ ამაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ოფიციალური ერევნის სამშვიდობო შეთანხმების 1 თვეში დადების შესახებ წინადადება ოფიციალური ბაქოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა”, – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.