საქართველოში სომხეთის საელჩო – თბილისში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა

24 აპრილს თბილისში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე პირები და საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.
„სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე, ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.
თავის გამოსვლაში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა ისაუბრა ისტორიის დამახინჯებისა და უარყოფის მცდელობებზე და მისგან წარმოშობილ საფრთხეებზე, რადგან ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს ჩვენს დროებაში კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენისთვის, რასაც მთელი მსოფლიო შეესწრო 2023 წლის სექტემბერს მთიან ყარაბაღში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების აღიარების საკვანძო მნიშვნელობას – ხალხთა გაერთიანებისა და ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობიანი მომავლის ასაშენებლად.
ხსოვნის საღამო გერმანიიდან მოწვეული სოპრანო კარინე ბაბაჯანიანის, ქართველი პიანისტი გიორგი შიოლაშვილის და ს ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური სკოლის კვარტეტის მუსიკალური ნომრების თანხლებით მიმდინარეობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით