საპროტესტო აქციის პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პროფესორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სტუ-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე მსჯელობენ.
როგორც სტუ-ს კურსდამთავრებულმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თორნიკე გულაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება არა გაერთიანება, არამედ გაუქმებაა.
„სანამ გაერთიანებამდე მივალთ, ჩვენ გვაუქმებენ. 104 – წლიან ისტორიას ასე ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ. ეს ყოვლად დაუშვებელი კი არა, საქართველოს წინაშე დანაშაულიც კი არის. თუ რამე აშენდა ჩვენს გარშემო, ყველაფერი აშენდა სტუ-ს სტუდენტების დამსახურებით. მიმოიხედეთ გარშემო, კიდევ რამდენია ასაშენებელი და ასეთ პირობებში აუქმებენ ისეთ უნივერსიტეტს, რომელიც ზრდის ნიჭიერ, პერსპექტიულ ინჟინრებს და სხვა მნიშვნელოვან კადრებს. ჯერ დავანახებთ იმას, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ. მათ რა გადაწყვიტეს და რას არა, ეს მეორე საკითხია. თუ ეს საკითხი ისე წარიმართება, რომ წერტილს დაუსვამენ 104 – წლიან უნივერსიტეტს, მაშინ ჩვენ სხვა ზომებს მივმართავთ, რომელიც შემდეგ გახდება ცნობილი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ არ გავჩერდე არავითარ შემთხვევაში და დავიცვა ჩემი უნივერსიტეტის ღირსება, წარსული და მომავალი პერსპექტივები“, – განაცხადა თორნიკე გულაშვილმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. სტუდენტები და პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას აპროტესტებენ და გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.




