საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.
ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.
იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება“, – აცხადებენ საპატრირქოში.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ