საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელში იმყოფება. დღეს პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, რის შემდეგაც გაიმართება “ნატო”-საქართველოს კომისიის სხდომა, ელჩების დონეზე.
“არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება NATO-ში გაწევრიანება და ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია”, – ამბობენ საპარლამენტო დელეგაციაში.
საქართველოს საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა, რაც, თავის მხრივ, კონსტიტუციური ამოცანაა.
“შევხვდებით NATO-ს გენერალურის მდივნის მოადგილეს, რომელთანაც საუბარი გვექნება საქართველოს-“ნატოს” ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველო ელის პრაქტიკულ ნაბიჯებს NATO-ს წევრობის გზაზე. ჩვენგან მზადყოფნა წევრობაზე არის, ეს არის კონსტიტუციური ამოცანაც”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, NATO-ს წევრობის გზაზე პარტნიორებისგან თანმხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.
“ყველაზე მთავარი და ძირითადი, რითაც ქართული დელეგაცია ჩამოვიდა ბრიუსელში, არის საქართველოს NATO-ში გაწევრების საჭიროება ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. საქართველო არის მზად NATO-ს წევრობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, NATO-ს წევრობის გზაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც ეკისრებათ.
“ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, გვიცხადებენ სრულ თანადგომას, მზაობას, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრია ჯერ სამუშაო. ცხადია, ამ პროცესის წარმატება დიდწილად არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამაც, ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ”, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.