„აზიის განვითარების ბანკის“ (AD-ს) მთავარი ეკონომისტი ალბერტ პარკი აცხადებს, რომ საქართველომ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად. ის ჩამოთვლის სამ სცენარს, რომელთა დადგომის შესაძლებლობაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
„საქართველომ, ისევე როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, რადგან ტვირთების გადაზიდვა რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნების მარშრუტებით სასურველი გახდა“, – განაცხადა ალბერტ პარკმა.
მის კომენტარს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) ავრცელებს მილანში, ADB-ის 58-ე ყოველწლიურ შეხვედრიდან.
პარკი განმარტავს, რომ აღნიშნულმა გარემოებამ „შექმნა გარკვეული ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ, ახლა არსებობს გაურკვევლობა“.
კერძოდ, როგორც ADB-ის მთავარი ეკონომისტი განმარტავს, შეიძლება, „ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს“.
ამის წინაპირობად ის ასახელებს სამ სცენარს: „თუ [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციები მოიხსნება, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება“.
„შედეგად, საქართველო დაკარგავს იმ ბიზნესების ნაწილს, რომელიც ამ პერიოდში მოიზიდა“, – განაცხადა მან.
პარკი ამბობს, რომ თუკი საქართველოს სურს გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში ამ ზრდის შენარჩუნება, „შუა დერეფანზე“ უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად ეფექტური გახდეს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტში – შეამციროს ტრანზაქციების ხარჯები და აღმოფხვრას ნებისმიერი არსებული შეფერხება“.
„საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს ეს ბიზნესი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კონკურენტული სერვისების მიწოდებაში. ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მომსახურების ეფექტიანობის შენარჩუნება მანამ, სანამ სანქციები მოიხსნება. ვვარაუდობ, რომ საქართველო შეძლებს ამ ბიზნესის ნაწილის შენარჩუნებას, მაგრამ არა მთიანად – ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეძლებთ მომსახურების მიწოდებას“, – განაცხადა მან.
ეკონომიკური ზრდა და პროგნოზი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
· 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს 6.3%-იანი რეცესია ჰქონდა.
· 2021 წელს, მსოფლიოში პოსტკოვიდური აღდგენის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა.
· 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ გადაწყობის, ასევე, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და კაპიტალის შემოდინების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.
· 2023 წელს ეკონომიკამ ზრდა განაგრძო – 7.8%-ით.
· 2024 წელს ზრდის ტემპი კვლავ გაიზარდა – მშპ-ის ზრდამ 9.4% შეადგინა.
· თუმცა საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 7.5 და 6.7%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოს – ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისა და დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის პარალელურად, – ეკონომიკური ზრდა შენელდა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2025 წლის პირველ ორ თვეში მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ია.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) უახლესი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, მსოფლიო ბანკს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ით ზრდის მოლოდინი აქვს.
ფორუმი
