საფრანგეთში ყოფილი ელჩი – განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდეს?! – ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული

განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! – დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, ს მიმართ ორმხრივი სანქციების არშემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო, თუმცა „ტრადიციულ პარტნიორებთან რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რათა დასავლეთმა საქართველოზე უარი თავად თქვას“.
„20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან.
ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა.
ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, -ს ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო.
ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია.
მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო.
მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი.
შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს.
დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი, რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას, რეპრესიული პოლიტიკაა.
პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის.
ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია:
· ზოგადად, ყველა საზოგადოებაში მსახიობები, ხელოვანი ხალხი, ჟურნალისტები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვაში, ხშირად აპროტესტებენ უსამართლობას. მათი გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვა ნიშნავს საზოგადოებაში შიშისა დამკვიდრებას. დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებითი საყრდენია და მისი ეროზია გაანადგურებს ამ თავისუფლებას და ჩაახშობს განსხვავებულ ხმას, შემცირდება კრეატიულობა და ხელოვნება თანდათან გახდება კონფორმისტული. იგი გაუფასურდება.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ.
· როდესაც ხელისუფლება ვერ ეგუება თავისუფალ კრიტიკას და აკავებს, აპატიმრებს, ემუქრება ხელოვანებს, ჟურნალისტებს (ანუ მათ, ვისთვისაც თავისუფლება არსებობის და შემოქმედების მთავარი წყარო-ჟანგბადია) თავისთავად იქმნება ცენზურა და სტიგმატიზაცია, რაც არა მხოლოდ რეპრესირებულ ხელოვანებზე, არამედ სხვა მოქალაქეებზეც მოქმედებს, აშინებს, აჩიავებს და აბეჩავებს მათ. შესაბამისად, როგორც ავადსახსენებელ წარსულში ხდებოდა გადარჩენის შიშის, უნდობლობისა და დენონსაციის ატმოსფეროში ადამიანებს აღარ სურთ ღიად ისაუბრონ მგრძნობიარე პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე. ამას აშკარად ვგრძნობ უკვე ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებსა და ნათესავებში. ეს პარალელები რომ ჩნდება უკვე ცუდადაა საქმე.
· დიახ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. წიგნიერი, კულტურული, საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ხალხია, მათი ხმების ჩახშობით, პოლიტიკური ძალა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას კი აშინებს და ზღუდავს უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზებას დაგროვილი სათქმელის ან წუხილის გამოსახატად. პროტესტისადმი სოლიდარობის გამო განადგურებით ემუქრებიან ბიზნეს კომპანიებს, აზიანებენ მათ რეპუტაციას, გზის გადაკეტვისთვის აკავებენ, აპატიმრებენ სტუდენტებს. კარგით რა. არ გინახავთ ერთი ბატონი სამძიმარზე ან იუბილეზე რომ მიდის რა ხდება ? კანონებიც გავაპლასტელინეთ.
· ქვეყანა უკვე იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაიგნორების (ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის გამო უჭერდა მხარს ოცნებას) გამო. დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას და შეზღუდა მისი დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები, რასაც სულ მალე, აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ნამდვილად მოყვება და მერე ერთმანეთზე გადაბრალება ვეღარ უშველის საქმეს. მოსახლეობა სრულად დაკარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას და მღელვარება გახდება საყოველთაო.
განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?!
· ბატონ ბიძინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, დარწმუნებული ვარ კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი საკუთარი მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული“,- წერს გოჩა ჯავახიშვილი.