საფრანგეთმა მიიღო კანონი იმიგრაციის შესახებ

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს. მას პარლამენტის ორივე პალატა მიემხრო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის, ს პარტიამ კომპრომისს მიაღწია კონსერვატიულ ოპოზიციასთან.
კანონპროექტი ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვას. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს. კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას. თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი – 30 თვის შემდეგ.
მაკრონისთვის მოულოდნელობა იყო მარინ ლე პენის პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ის პოლიტიკურ ოპორტუნიზმში დაადანაშაულა, შემდეგ კი სატელევიზიო ინტერვიუში ინციდენტს “უაზრო ნაბიჯი” უწოდა, იუწყება Reuters-ი.
საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ ექვს თვეში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იქნება. ფრანგი კანონმდებლების მიერ საიმიგრაციო კანონის დამტკიცებამ შეიძლება მემარჯვენეები გააძლიეროს და მათ დამატებითი ძალა შესძინოს. მარინ ლე პენმა საიმიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებას თავისი ულტრამემარჯვენე პარტიის “დიდი იდეოლოგიური გამარჯვება” უწოდა.
მაკრონის სოციალ-ლიბერალური „აღორძინების“ პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ვეღარ დაუჭერენ მხარს. რამდენიმე მინისტრი კი გადადგომით დაიმუქრა.
არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონს უწოდეს „უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე რეგრესული“, რომელიც ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებსაც.
პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს ხელმოსაწერად მაკრონს უახლოეს პერიოდში გადასცემენ.
სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის გამოკითხვით, ფრანგების 70 % ახალ კანონს ემხრობა. მათ შორის 87% მაკრონის მხარდამჭერია.
საფრანგეთში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნებში დაბადებული ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს გახდა 8,5%, ხოლო 2022 წელს საფრანგეთის მთლიანი, 68 მილიონი მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი