სატვირთოების სლოვაკი მძღოლები უკრაინის საზღვრის ბლოკადით იმუქრებიან

სატვირთოების სლოვაკი მძღოლები სთან ქვეყნის საზღვრის გადაკეტვით იმუქრებიან. მათ უკრაინული სატვირთოების ქვეყანაში შესვლის პირობების გადახედვა სურთ. მძღოლების ასოციაცია ამბობს, რომ უკრაინელებისთვის დაწესებული შეღავათები მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.
მსგავსი პრობლემაა პოლონეთშიც, სადაც პოლონელი მძღოლები უკრაინასთან რამდენიმე გამშვებ პუნქტს უკვე სამი კვირაა ბლოკავენ და უკრაინული ტვირთგადამზიდავებისთვის პირობების გამკაცრებას ითხოვენ. პოლონელი და სლოვაკი მძღოლები ჩივიან, რომ უკრაინელები ტვირთის გადაზიდვაზე უფრო ნაკლებ ფასს სთავაზობენ მსურველებს ევროკავშირის ფარგლებში, ვიდრე – მხოლოდ ბლოკსა და უკრაინას შორის.
სლოვაკი მძღოლების მუქარა სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ვისნე ნემესკი-უჟგოროდის გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს, რაც მოცულობითი სატვირთოებისთვის მთავარი და ერთადერთი სასაზღვრო პუნქტია.
პოლონელმა მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და ისინი ევროკავშირისგან ბლოკში შემავალი და იქიდან გამავალი უკრაინელი მძღოლებისთვის სპეციალური სანებართვო სისტემის განახლებას ითხოვენ, რაც ომის დაწყების შემდეგ შემსუბუქდა. მათი შეფასებით, გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი და სამხედრო დახმარება უნდა იყოს.
სლოვაკი მძღოლების პროფესიული კავშირის ლიდერი ამბობს, რომ ისინი ტრანსპორტის სამინისტროს ხუთშაბათამდე დაუცდიან, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილლებას მიიღებენ. ამასთან, 4 დეკემბერს ევროპის ტრანსპორტის მინისტრები ბრიუსელში უნდა შეიკრიბონ. თუმცა პროფკავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარდამტეხი ცვლილებების მომტანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ