საპენსიო სააგენტომ 1 მლრდ ლარის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო – გოგა მელიქიძე

4 აპრილს, სასტუმრო „პულმანში”, საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით საინვესტიციო პროცესების ხუთი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა. საპენსიო სააგენტოს ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
შეხვედრა გახსნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, რომელმაც მიმოიხილა გასული წლების განმავლობაში საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, მიღწევები, და გატარებული ღონისძიებები. მან დამსწრეებს ასევე გააცნო განახლებული სტატისტიკური მონაცემები და იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც სააგენტომ ამ წლების განმავლობაში გადალახა.
შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ, რომელიც შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სპეციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციამ, რომელიც მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, წმინდა კონტრიბუციებისა და გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად საპენსიო აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება.
გოგა მელიქიძემ, ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც შეეხო როგორც საქართველოს ისე რეგიონის ეკონომიკებს. კერძოდ, პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური წნეხები, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გააუარესა. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, საპენსიო სააგენტომ შეძლო 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგების დაგენერირება, რაც კუმულაციურ 63.5%-იან ნომინალურ და 18.4%-იან რეალურ (ინფლაციით დაკორექტირებულ) ამონაგებს უდრის.
მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ყურადღება გაამახვილა 2023-ში მომხდარ ცვლილებებზე. 2023 წლის 7 აგვისტოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საპენსიო სააგენტო თავდაპირველ (კონსერვატიულ) პორტფელს 2 ახალი – დაბალანსებული და დინამიკური – პორტფელი დაემატა, მონაწილეებს კი საშუალება მიეცათ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი რისკიანობისა და ამონაგების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან (2023 წლის 7 აგვისტო) დღემდე დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ნომინალურმა ამონაგებმა, შესაბამისად, 10.0% და 10.5% შეადგინა, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის ნომინალური ამონაგები იმავე პერიოდში 8.5% იყო.
შეხვედრაზე გაიმართა სამი პანელური დისკუსია. პირველ პანელს, რომლის სახელწოდებაც იყო „მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პერსპექტივები”, საპენსიო სააგენტოს უფროსი ეკონომისტი ჯული ავლოხაშვილი უძღვებოდა, პანელური დისკუსიის მონაწილეები კი იყვნენ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა, ს კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი და ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
მეორე პანელური დისკუსია, „კაპიტალის ბაზრები: გლობალური ტენდენციები და საქართველო”, რომლის მოდერატორიც გახლდათ საპენსიო სააგენტოს პორტფელის მენეჯერი ანა ნაჭყებია, შეეხო როგორც გლობალურ ისე ადგილობრივ კაპიტალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ, მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ, ს მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა.
მესამე პანელური დისკუსია, „მარეგულირებელი გარემო”, დაეთმო საქართველოში საკანონმდებლო გარემოსა და იმ ცვლილებებს, რასაც საჯარო უწყებები ამ მიმართულებით გეგმავენ. შემაჯამებელი პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული, ხოლო დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო.
ღონისძიებას 200-მდე დელეგატი ესწრებოდა და ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს საპენსიო სააგენტო პერმანენტულად ატარებს და ცნობიერებისა და ფინანსური განათლების კუთხით ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა აქტივობაში ერთვება.