საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე.
მოგვიანებით, ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტმა გაასაჯაროა გატაცებულების ვინაობა. ექიმ ალექსი მამულიას და ვანო ჯაფიაშვილს ე.წ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი მამულიას და ჯაფიაშვილს ბრალს სდებს ე.წ საზღვრის გადაკვეთას და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოქცეული ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ მამარდაშვილის დახმარების მცდელობას.
მამულიას ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2005 წლიდან მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და პარალელურად სხვადასხვა კლინიკებში ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით.(ტვ პირველი)