“თითქმის ხუთი წელია, მაია სანდუ იბრძვის იმისთვის, რომ დაიცვას მოლდოვის მყიფე დემოკრატია კრემლისგან. მოსკოვის შეტევები დიდი ზიანის მომტანია”.
ინტერვიუ ჩაწერა ფაბიან სომავილამ. კიშინიოვი, 2025 წლის 9 ივლისი.
STANDARD: თქვენ გვაფრთხილებთ მოსკოვის მცდელობებზე, შეიტანოს დესტაბილიზაცია მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. რა იწვევს თქვენს შეშფოთებას და რას აკეთებთ ამ მცდელობათა წინააღმდეგ?
სანდუ: რუსეთს მოლდოვური ინსტიტუტების მწყობრიდან გამოყვანა უნდა. ის ჩვენს პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევის მიზნით სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ეს ჩვენ გასულ წელს დავინახეთ და უფრო ცხადად დავინახავთ წელს, რადგან საპარლამენტო არჩევნები კრიტიკული მნიშვნელობისაა: სასწორზე მოლდოვის დემოკრატიული და ევროპული მომავალი და რეგიონის უსაფრთხოება დევს. აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული ალიანსის განმტკიცება იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ერთობითა და მედეგობით შესაძლებელი არის ავტორიტარული ტიპის ჩარევის მცდელობათა უკუგდება. მოსკოვის ერთ-ერთი მეთოდი პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებაა; ასევე მის მეთოდებს შორისაა დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის ავტონომიური რეგიონების პოლიტიკაში ჩარევა. თუ რუსეთი კიდევ ერთხელ გადაუკეტავს გაზს დნესტრის მარცხენა სანაპიროს, ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ. ამასთან, გასათვალისწინებელია კიბერშეტევები, ხმების ყიდვის სქემები და დეზინფორმაცია.
STANDARD: ამგვარ გავლენათა მასშტაბის დადგენა თუა შესაძლებელი?
სანდუ: ჩვენს ხელთარსებული მტკიცებულებებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 140,000 ადამიანის ხმა იყო მოსყიდული. 2.5-მილიონიან მოსახლეობაში ეს ამომრჩეველთა 8-10 პროცენტს შეადგენს. ასევე, ხმის მიცემის პროცესის შესაფერხებლად ვრცელდებოდა ცრუ შეტყობინებები ევროპის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ბომბების არსებობის შესახებ. ქაოსისა და შიშის დასათესად ცეცხლს უკიდებდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობებსა და პოლიციის მანქანებს. რაც შეეხება დეზინფორმაციას: მე მრავალ ისეთ ადამიანს ვხვდები, რომლებიც მე, როგორც პრეზიდენტს, მხარს მიჭერენ, მაგრამ რეფერენდუმში ევროკავშირის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგან დეზინფორმაციას დაუჯერეს. ესაა ყალბი ცნობები ლგბტქ თემის გარშემო დაუსაბუთებელ საფრთხეებზე, რაშიც ეკლესიაც თამაშობს როლს, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციაც, თითქოს ევროკავშირი მიწის ექსპროპრიაციას მოახდენს. ბოლო დროა, მთელი ძალით ვმუშაობთ ჩვენი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობას, კამპანიების დაფინანსებაზე უფრო მკაცრი კანონების მიღებას და ხალხთან ლაპარაკს. ოჯახში დიალოგები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დიასპორის წევრთა მხრიდან, რათა ადამიანებმა გაიგონ, სინამდვილეში როგორია ცხოვრება ევროკავშირში და რუსეთში.
STANDARD: გასული არჩევნებისას დიდი კრიტიკა დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოლდოველებისთვის რუსეთში მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მაშინ, როცა იტალიაში დაახლოებით 60 გაიხსნა. რა იყო ამის მიზეზი და ამჯერად რამდენი უბანი იქნება?
სანდუ: რუსეთში საარჩევნო უბნების რაოდენობა ეფუძნება გასული, 2020 და 2021 წლების არჩევნებიდან მიღებულ სტატისტიკას. უკრაინაში ომის გამო დღეს რუსეთში კიდევ უფრო ნაკლები მოლდოველიც კი ცხოვრობს. ბოლო არჩევნებზე კრემლმა სამგზავრო თვითმფრინავები იქირავა, თითოეული დაახლოებით 50,000 ევროს ღირებულებით, რათა რამდენიმე ასეული ადამიანი ევროპის საარჩევნო უბნებზე გადაეყვანა. ვინ აკეთებს ამას და რატომ? ცხადია, რომ ამ ადამიანებს ფული გადაუხადეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამჯერადაც გავხსნით რაღაც ოდენობის საარჩევნო უბნებს, რათა ვისაც სურვილი ექნება, მონაწილეობა შეძლოს.
STANDARD: რამდენად კმაყოფილი ხართ მოლდოვის პროგრესით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? რა დაბრკოლებებია ჯერ კიდევ გადასალახავი?
სანდუ: ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის ვადა გვაქვს — 2030 წელი — და მას მერე, რაც უკრაინასთან ერთად შევიტანეთ განაცხადი, ძალების დაუზოგავად ვმუშაობთ. ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობაც და წევრი სახელმწიფოებისგან მხარდაჭერის პროცესიც ძალიან კარგად მიდის. გვჯერა, რომ 2025 წლის სექტემბრისთვის დავასრულებთ შეფასების პროცესს და მზად ვართ პირველ თავებზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ საჭირო უნარიანობა გამოვიმუშავეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძლიერი პოლიტიკური ნება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მერეც გაგრძელდება.
STANDARD: მოელით თუ არა დაბრკოლებებს წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის გაწევრიანებას?
სანდუ: ჩვენ ყველა წევრ სახელმწიფოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გვჯერა, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქის ინტერესშია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში შესვლა. დემოკრატიული მოლდოვა და დემოკრატიული, მედეგი უკრაინა ხელს უწყობენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას კონტინენტზე. მჯერა, რომ მოლდოვისთვისაც და უკრაინისთვისაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა გვექნება.
STANDARD: დაელოდებით უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მოლდოვას მიიღებენ, უკრაინას კი — არა?
სანდუ: ჩვენი მშვიდობა უკრაინის დამსახურებაა. გვეამაყება, რომ ამ გზას ერთად გავდივართ და ვიცით, რომ წინსვლას დამსახურება სჭირდება. მოლდოვის დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ევროკავშირის ნაწილი გახდება.
STANDARD: ანუ თქვენი პასუხი კი არის თუ არა?
სანდუ: ჩემი პასუხი არის კი, ჩვენ ევროკავშირში ერთად გვინდა შესვლა.
STANDARD: ევროკავშირში გაწევრიანებას ხშირად თან ახლავს NATO-ს წევრობა. თუ გგონიათ, რომ 21-ე საუკუნეში ნეიტრალიტეტი კვლავ რჩება უსაფრთხოების გონივრულ სტრატეგიად, იმის გათვალისწინებით, რუსეთის რამდენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი ეძებს მოსკოვისგან დაცვის გზებს?
სანდუ: ნეიტრალიტეტი ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოლდოვის რესპუბლიკა ნეიტრალური უნდა დარჩეს. ჩვენ ვცემთ პატივს ხალხის ნებას. ცხადია, ჩვენ გვაშფოთებს უსაფრთხოების საკითხები და ვიღვწით ჩვენი ქვეყნის მედეგობის გასაძლიერებლად. ამჟამად მოლდოვის უსაფრთხოებასა და მშვიდობას უკრაინა იცავს. ჩვენ ამის გამო ძალიან მადლიერები ვართ მისი და იმ ქვეყნებისაც, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. უკრაინას კიდევ მეტი მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მოლდოვის გაკონტროლება და ქვეყნის უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოყენება. თუ მოლდოვაში რუსული ძალა მოვა, ქვეყანა ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ბაზად იქცევა.
STANDARD: იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 0.6 პროცენტს შეადგენს, მოლდოვა შორს დგას იმ 5-პროცენტიანი მიზნისგან, რომელიც ახლახან მიიღეს NATO-ს წევრებმა.
სანდუ: ჩვენ ხომ არ ვართ NATO-ში, თუმცა თავდაცვის ხარჯები გავზარდეთ და მეტის გაკეთებაც გვინდა. ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს რისკები და ვაფასებთ, რომ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერით ვსარგებლობთ.
STANDARD: ენერგოკრიზისისა და მაღალი ფასების მიმართულებით რას აკეთებთ?
სანდუ: ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებულები რუსულ გაზზე. რუსულ გზას მხოლოდ დნესტრისპირეთი იღებს. მაგრამ რადგან რუმინეთიდან ნაყიდი ელექტროენერგია ჩვენამდე რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტირასპოლის ტერიტორიის გავლით აღწევს, ჩვენ მაინც დაუცველები ვართ. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ახალი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანა პირდაპირ დნესტრის დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ განახლებად ენერგიაში. კარგ დღეებში ჩვენი ელექტროენერგიის სულ მცირე 20 პროცენტი — და ზოგჯერ 50 პროცენტამდეც კი — ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მოდის. ფასები კვლავ მაღალია, მაგრამ მომავალ წლებში დაიწევს.
STANDARD: ეს პირობა საკმარისია თუ მეტის და უფრო სწრაფად გაკეთებაა საჭირო?
სანდუ: მოლდოვის ენერგოკრიზისი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. რუსეთმა მოახერხა, წინა ხელისუფლებები დაერწმუნებინა, რომ ალტერნატივები არ მოეძიათ, ამგვარად შანტაჟისადმი ღია დავრჩით. ფასები, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ, იმის განურჩევლად, იქნება ეს განცხადებები პოპულარული თუ არა.
STANDARD: პერიოდულად ისმის კრიტიკა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ანტიკორუფციული პროკურორის არაგამჭვირვალე დანიშვნის გამო.
სანდუ: ჩვენ სასამართლოს რეფორმას ვახორციელებთ. ამიტომ არის ბევრი მოსამართლე და პროკურორი უკმაყოფილო. როცა მკაცრი ანტიკორუფციული შემოწმების დაწყების შესახებ გამოვაცხადეთ, მოსამართლეთა მესამედმა სისტემა თვითნებურად დატოვა. ეს პროცესი უნდა დავასრულოთ, რადგან კორუფციასთან ბრძოლაში შედეგებს ვერ მიაღწევ, თუ სისტემა ჯერ კიდევ გამსჭვალულია კორუფციით. კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების პირობებში კანონის უზენაესობა ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, არსებობენ მოსამართლეები და პროკურორები, რომელთაც გაახარებდა ამ მთავრობის დაცემა. გარდამავალი პერიოდი რთულია. მაგალითად, მოსამართლეები ცდილობენ, გადაავადონ იმ კანონების მიღება, რომლებიც პარტიების არალეგალურ დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. მაგრამ წინ მივიწევთ. ხალხს ესმის, რომ უპირველესად სასამართლო სისტემა უნდა გავწმინდოთ — მხოლოდ ამის შემდეგ მოიკიდებს ფეხს სამართალი.
STANDARD: რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი რეპერი, ბასტა კიშინიოვში სამთავრობო შენობის წინ გამართულ სკოლის დამამთავრებელ ფესტივალზე გამოვიდა. კონცერტს ათობით ათასი ახალგაზრდა ესწრებოდა. ეს გაშფოთებთ?
სანდუ: კონცერტი ადგილობრივი პოლიტიკოსის მიერ იყო ორგანიზებული. სცენაზე ბევრი არარუსი მომღერალიც გამოვიდა, მაგრამ კი: მგონია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა უფრო მკაცრი ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ ვის ეძლევა ჩვენი ახალგაზრდების წინ სცენაზე გამოსვლის უფლება.
მაია სანდუს შესახებ
მაია სანდუ (53) 2024 წელს ხელმეორედ აირჩიეს მოლდოვის პრეზიდენტად. პირველი ვადით ქვეყნის პრეზიდენტი ის 2020 წელს გახდა. მართლმადიდებელი ქრისტიანი და განათლებით ეკონომისტი, სანდუ ფლობს რუმინულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს და რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს.
ინტერვიუ თავდაპირველი სახით გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე STANDARD-ის მიერ.
