სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა – ლევან დავითაშვილი

სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა – ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
„პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით – სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.