“სამშობლომ ჩამოგაკითხა მამა?! … ამჯერად სამშობლოს არ ჩამოუკითხავს ჩემთვის…”

მამაჩემი მეხუმრება ხოლმე : “ჰა, სამშობლომ ჩამოგაკითხა მამა?!”

მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც საქართველოდან წავედი, ჯერ სასწავლებლად, მერე სამუშაოდ, მერე დავბრუნდი ცოტა ხანს ისევ საქართველოს და საფრანგეთს შორის ვცხოვრობდი, მერე ისევ საფრანგეთში დავბრუნდი. მიუხედავად ამ ორ ქვეყანას შორის ცხოვრებისა, ერთი სამშობლო მაქვს და ამას ვერაფერი შეცვლის. როგორც კი რაღაც გვიჭირს, რაღაც გვტკივა ან ძალიან გვტკივა, მე კილომეტრების იქით, უარესად მტკივა ხოლმე.

უკვე რამდენიმე დღეა ის ფოტო მიტრიალებს თავში. კანის კინოფესტოვალიდან, საოჯახო ფოტო, რომ გამოაქვეყნეს ეროვნული კინოცენტრის გვერდზე, იმიტომ კი არა რომ კონკრეტულად ვინმე მაინტერესებს მაგ ფოტოზე, უბრალოდ იმიტომ რომ ეს ფოტო მეტაფორაა ყველაფრის, რაც დაგვემართა.

2010 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ნიცაში ვსწავლობდი, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იმდენად მინდოდა კანის კინოფესტივალზე მოხვედრა და მუშაობა, რომ სულერთი იყო რა როლი მექნებოდა. მაშინ 18 წლის სტუდენტმა მოვძებნე განცხადებები კანის ფესტივალის დროს სამუშაოების შესახებ.

ვიპოვნე კომპანია, რომელიც ე.წ მასპინძლებს ეძებდა, რაც ნიშნავდა ფესტივალზე მოსული სტუმრების დახვედრას, დაკვალიანებას, კინოდარბაზში მათთვის ადგილის მოძებნას და სხვა ამგვარ რამეებს.

გასაუბრებაზე რომ წავედი ძალიან ვღელავდი, მთელი ღამე არ მეძინა. დილას საგანგებოდ მოვიკაზმე, მატარებელში ჩავჯექი და ნიციდან კანში ჩავედი.

მისამართზე სადაც დამიბარეს, მკაცრი ქალი დამხვდა და დამიწყო აურაცხელი რაოდენობის კითხვების დასმა. ისედაც გითხარით უკვე თუ როგორ ვღელავდი.

ეს იყო ჩემი პირველი გასაუბრება სამსახურისთვის და ეს იქნებოდა პირველი სამსახური, სადაც ჯამაგირს გადამიხდიდნენ.

ისე მოხდა, რომ აღარ დამირეკეს. ჩემმა პირველმა გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა, თუმცა კანში მოხვედრის იმხელა სურვილი მქონდა ამ ამბავს არ გავუტეხივარ. სამი წელი სხვისი აკრედიტაციებით შევდიოდი და ვუყურებდი ფილმებს. ხანდახან ვიღაც ორი დღით გვიან ჩამოდიოდა ფესტივალზე და ის ორი დღე მე შევიყუჟებოდი ხოლმე კინოდარბაზში სხვისი სახელით. ხანდახან ისე თუ გამიმართლებდა რომ ვინმე ადრე წავიდოდა, ბოლო დღეს ყველა საკონკურსო ფილმს იმეორებენ და მთელი დღის გატარება შემეძლო საფესტივალო კინოდარბაზში.

2014 წელს პირველი აკრედიტაცია ავიღე. ჩემს სახელზე! ეს აკრედიტაცია ყვითელი ფერის იყო, რაც მათთვის არაპრიორიტეტული მედიის ფერი გახლდათ და შესაბამისად ფილმზე დასასწრებად 2 კილომეტრიან რიგში უნდა ჩამდგარიყავი, რომელიც ხანდახან 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მაინც იყო იმის შანსი, რომ კინოდარბაზში ვერ მოხვედრილიყავი.

შემდეგ წლებში, ცოტა დამაწინაურეს და ლურჯი ფერის აკრედიტაცია მომცეს, ახლა 2 საათის ნაცვლად საათ ნახევარი ვიდექი რიგებში მაგრამ შესვლის შანსი გაიზარდა. სიმართლე გითხრათ სულერთი იყო. ამ უსასრულო რიგებში გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც უკვე მრავალი საფესტივალო წელი მაკავშირებს, ამ რიგებში დავმეგობრდით მე და დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარი ნენე კვინიკაძე და ამ რიგებში ვისწავლე ჭკვიანურად ჩანთის ჩალაგება და ჭკვიანურად ჩაცმა.

ისე ლურჯი აკრედიტაცია, რომ მომცეს პირველად, ახლა წერისას ეგ სიხარულის შეგრძნება მახსენდება. თავი ყოვლისშემძლე მეგონა. ვიცოდი, რომ კანის დიდ კინო ოჯახში პატარა ადგილი მომიჩინეს, მაგრამ ეს პაწაწინა ადგილი ჩემი იყო, ჩემი სახელი და გვარი ეწერა.

შემდეგ იყო მუშაობა ბეჭდური მედიებისთვის, ბევრი კრიტიკის ქარცეცხლები, მინდა გითხრათ ბულინგიც, ვიღაცეებს არ მოსწონდათ კანიდან უცნობი, ახალგაზრდა გოგოს წერილები, ცნობილ გამოცემაში “ლიბერალი”. მაშინ ჩემი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი იყო, რომელსაც სხვათაშორის პირადად დღემდე არ შევხვედრილვარ, მაშინ კი მედგა როგორც ფარი, მაგულიანებდა და მაქებდა. მადლობა ზურა იმ წერილებისთვის, შენზე კარგი რედაქტორი მე სხვა არ მყოლია.

შემდეგ იყო ტელევიზები, ჩართვები, მარტო აკიდებული კამერა-შტატივები, მძიმე ჩანთებით აღმართ-დაღმართებზე სიარულები, გათენებული ღამეები და ზურგის ტკივილები, დილის 8 საათზე კინოსეანსები, ფილმებს შორის ჩართვები, ვარსკვლავების კომენტარებისთვის ჭიდაობები და ისევ კინოდარბაზებთან რიგები.

შარშან კი პირველად, საკუთარი მედია პლატფორმის აკრედიტაცია მომცეს და მომცეს ვარდისფერი აკრედიტაცია. ეს იცით რას ნიშნავდა ჩემთვის? ყველაფერს.

ეს ნიშნავდა სრულფასოვან წევრობას კანის კინოოჯახში, ეს ნიშნავდა რიგების დასასრულს და გამარჯვებას.

გამარჯვებას, დაფასებას და იმას რომ საკუთარი ხელებით, განათლებით და შრომით შექმნილი მედია პლატფორმისთვის აკრედიტაცია გასცა კინოსამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანმა ფესტივალმა და გასცა ვარდისფერი ფერის აკრედიტაცია. ვიღაცისთვის არაფერია, ჩემთვის კი დღემდე ყველაფერია. და მადლობელი ვარ.

გიყვებით რამდენი წელი გავიარე, აქამდე მოსასვლელად და ეს ლოგიკურია. ევროპაში ასეა ლოგიკური წარმატების მიღწევა. საიდანღაც იწყებ, თითქოს უმნიშვნელოდან, გადის წლები და უმნიშვნელო მნიშვნელოვანი ხდება, თურმე იციან საიდან მოდიხარ, რა გზა გაიარე და როდის არის დრო შენი განვლილი გზის დაფასების.

ეს ფოტო კი თითქოს ხაზსს გადაუსვამს განათლებას, მცდელობას, შრომას, ოცნებებს, მიზნებს და ისევ შრომას. ეს ფოტო გვემუქრება, გვეუბნება, რომ სულერთია რა ისწავლე, რამდენი ღამე დაგათენდა, სულ ერთია სად გეძინა, სულ ერთია მშიერი იყავი თუ მწყურვალი, თქვენ არავინ ხართ და არც არასდროს არავინ იქნებით, რადგან თქვენს უკან 8 მილიარდი არ დგას.

ეს ფოტო ახალგაზრდების ოცნებებს აქრობს. მაინც თუ პრივილეგიებით ხვდებით კანის კინოფესტივალზე, მე რატომ უნდა ვიწვალო, რატომ უნდა ვისწავლო? დაუსვამენ ასეთ შეკითხვებს საკუთარ თავებს ახალგაზრდები.

თუ ამ სტატიას კინოს სტუდენტები კითხულობთ გეტყვით, რომ ამ ადამიანებს ავიწყდებათ მთავარი, ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში ყველაფერი მატერიალური უფასურდება და ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ იყიდება.

“კანი კინოს ტაძარია”, თქვა ერთხელ ანიეს ვარდამ. კანმა აღმოაჩინა ის, რეჟისორები რომლებიც გვიყვარს და რომლებმაც სინათლე დაგვანახეს რთულ დროში. კანი ის ფესტივალია, რომელიც 1968 წელს სტუდენტური რევოლუციის დროს ჩაიშალა. ეს არის ის ადგილი, სადაც ოჯახის წევრებს მარტო არ ტოვებენ. 77 წლიანი ისტორია და არქივია. მსოფლიო კინოს მაჯისცემაზე სწორად ამ ფესტივალს უდევს ხელი და აქ, კინოს ტაძარში : ხელოვნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

უკვე კანი-პარიზის ჩქაროსნულ მატარებელში ვიჯექი, ისევ მამაჩემის მესიჯი რომ მივიღე : “მამიკო, ფრთხილად იყავი”. ალბათ ის ფოტო ნახა.

ამჯერად სამშობლოს არ ჩამოუკითხავს ჩემთვის, რადგან ჩვენი სამშობლო თავისუფალი, დამოუკიდებელი და მშვენიერია!

წყარო