“სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს” – ღარიბაშვილი გრიგორიადისის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს გასული წლის მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ს შეწყალების გადაწყვეტილების მიღების გამო.
ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ისტორიაში ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და თანამონაწილე:
„ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციელს და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა “მოლოტოვის კოქტეილი” ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად ჩვენი გმირი პოლიციელი.
ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე “მოლოტოვის კოქტეილი” და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ამ ქალმა როგორ უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება, წარმოუდგენელია ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ!“.
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 12 აპრილს ისაუბრა „TV პირველის“ ეთერში, საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. გრიგორიადისს, რომელიც გასულ წელს ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და მანქანის დაზიანების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
12 აპრილს მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
· 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).
31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…