სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სტატუსის მიღებამდე – მმართველი გუნდის შეფასებით, 15 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდა

15 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ხალხთან ახლოს იყო, თუმცა სახალხოდ გამომსვლელებს შორის ის არ მიუწვევიათ. როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, პრეზიდენტს ამის მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში თავისი განცხადებებით ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების ხელის შეშლას ცდილობდა.

მმართველი გუნდი იმასაც ამბობს, რომ ხალხში მდგარი პრეზიდენტი ახლა ქართველი ხალხისა და მთავრობის მიღწევის საკუთარ თავზე მიწერას ცდილობს, თუმცა ასე არ თვლის ოპოზიცია, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ეთანხმება პრეზიდენტის პოლიტიკურ ნარატივს და სტატუსის მიღებაში მის დამსახურებაზეც საუბრობს. მმართველი ძალა კი ოპონენტებს ზურაბიშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ ახსენებს და თვლის, რომ მისი სცენაზე არ აშვებით საქართველო კიდევ ერთ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ განცხადებას გადაარჩინეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საერთო-სახალხო ზეიმში მონაწილეობას არ იმსახურებდა, რადგან ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის სტატუსის მიღების ხელშეწყობის ნაცვლად, პროცესს ხელს უშლიდა.
მმართველ გუნდში, სტატუსთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ძველი განცხადებები ისევ გაიხსენეს, სადაც პრეზიდენტი გამართლებულად მიიჩნევდა გასულ წელს საქართველოსთვის სტატუსზე ნათქვამ უარსაც.
ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება დღეს ვერ გაიხსენეს, თუმცა ხელისუფლების მისამართით მის კრიტიკას ეთანხმებოდნენ მაშინაც და ეთანხმებიან დღესაც. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილის რიტორიკა, პროცესზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მისი ეს მცდელობა ისეთივე წარუმატებელია, როგორც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა. ფიქრობენ, რომ საერთო სახალხო ზეიმზე სალომე ზურაბიშვილის მისვლა პროვოკაციული ნაბიჯი იყო.
კანდიდატის სტატუსის აღსანიშნ ღონისძიებას, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. ის თავისუფლების მოედანზე მივიდა, გამომსვლელებს მოუსმინა და ადგილი ამის შემდეგ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა