,,საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა” – პრემიერი

,,საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„ძალიან წარმომადგენლობითი საზოგადოება არის დღეს შეკრებილი დღევანდელ პრეზენტაციაზე, რაც იმის დამადასტურებელია, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ჩვენი პარტნიორები ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებიან კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გასული პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ასევე, არაერთი კარგი მაგალითი ვაჩვენეთ იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მომავალშიც საქმიანობას”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მონაცემები აქვს.
„ჩვენ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, რასაც ყველაზე კარგად ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მე რამდენიმე მაჩვენებელი მინდა მოვიყვანო ამის დასადასტურებლად: „კორუფციის კონტროლის” რეიტინგის მიხედვით საქართველომ 100%-იანი სკალიდან 73% მიიღო. ამ ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში იკავებს პირველ ადგილს.
„მმართველობის ეფექტურობის” რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანაში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს. Global Risk Profile (GRP)-ის გლობალური კორუფციის ინდექსში (2023) საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.
კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო და 29-ე ადგილზე დაწინაურდა”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლებით ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და რეგიონში არის უპირობო ლიდერი.
„მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი 9-ე ადგილი დაიკავა.
უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს”, – განაცხადა პრემიერმა.