Heineken-ი 60-ზე მეტ დახურულ პაბს გახსნის

ლუდის მწარმოებელი გიგანტი Heineken 62 პაბის გახსნას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანია დიდ ბრიტანეთში, ასობით ქსელის განახლებისთვის, 39 მილიონი ფუნტის ინვესტიციას ჩადებს და Star Pubs-ის ქსელში 1000-ზე მეტ, ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ხოლო, საერთო ჯამში კომპანია 600-ზე მეტი პაბის განახლებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პაბების ინდუსტრია მძიმედ დაზარალდა ჯერ პანდემიის დროს, როდესაც პაბები იძულებული გახდნენ, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ობიექტები დაეხურათ. ხოლო, შემდეგ, როდესაც მათ ხელახლა გახსნის უფლება მიეცათ, მრავალი შეზღუდვა შეეხოთ. მათ შორის, ადამიანთა ჯგუფების ზომის შეზღუდვები, საღამოს 10 საათზე კომენდანტის საათი და ა.შ.
ბრიტანული ლუდისა და პაბის ასოციაციის (BBPA) თანახმად, 2021-დან 2023 წლამდე დიდ ბრიტანეთში, წელიწადში 500 პაბი იხურებოდა.
Reuters -ის ცნობით, Heineken-ის განცხადება არის მინიშნება იმისა, რომ ბრიტანული პაბის ინდუსტრია პანდემიისა და ცხოვრების ხარჯების კრიზისის შემდეგ, ზრდის ნიშნებს იძენს. მაგალითისთვის, პაბების მთავარმა ქსელმა, Greene King-მა განაცხადა, რომ 2027 წლისთვის, ახალ 40 მილიონ ფუნტიან ლუდსახარშს გახსნის.

ასევე დაგაინტერესებთ