საგამოძიებო: კაცი 13 წლის გოგოს ონლაინ გაშიშვლებას აიძულებდა, შემდეგ ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოდ უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავა.
საგამოძიებოს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებული Tiktok-ზე გაიცნო, მათ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდათ სოციალური ქსელების ვიდეოზარებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ამის შემდეგ, არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული Screen-ებს იღებდა, რის შემდეგაც, არასრულწლოვანმა მას ფოტოების წაშლა მოსთხოვა.
“აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ”, – ნათქვამია საგამოძიებოს ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება.
საგამოძიებოს თანახმად, ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.