საბა ბრაჭველი: პუშკაშები და ბობანები ათასში ერთი თუ გამოერევა, სხვა დანარჩენისთვის კი ჰერმესის და ბირკინის ჩანთები არსებობს

იურისტი საბა ბრაჭველი:
მე ერთ-ერთი ვარ იმ ავადმყოფებიდან, ყოველ წელს ბეჯითად რომ უყურებდნენ ნაკრების/ახალგაზრდულის/საკლუბო შესარჩევების თამაშებს. კაი გრძელი და მტანჯველი დრო გამოვიარეთ, სანამ 26 მარტამდე, საერთო ბედნიერების დღემდე მივიდოდით.
არასოდეს მესმოდა მათი, ვისაც ფეხბურთი მხოლოდ “22 კაცი ბურთს აგორავებს” ჰგონიათ. ომები დაწყებულა და დამთავრებულა მის გამო, ბოლოს და ბოლოს. ზვონიმირ ბობანმა სერბი ირაკლი დგებუაძე რომ გაიგდო, ან ჩილელებმა საკუთარ პინოჩეტს ხელი რომ არ ჩამოართვეს – სიცოცხლეშივე ეროვნულ გმირებად იქცნენ. ჟორჟ ვეას ომი დაუსრულებია, დროგბას – სამოქალაქო. ეგ არის სპორტი ჩემთვის – უფრო დიდი, უფრო სერიოზული ბრძოლის მეტაფორა. შეგრძნება, რომ სასწორზე მეტი დევს, ვიდრე ოქრო, თასი, ან ფულია. როცა შენს ერთ მოძრაობას ერისთვის ბედნიერების მოგვრა შეუძლია, როცა ერთი ნაბიჯით ეროვნული იდენტობის, სიამაყის სიმბოლო შეიძლება გახდე, ფსონებიც ასმაგდება.
ჰოდა, თამაში მარტო თამაში არ არის. საქართველოს დროშა სადაც ხატია, იქ, მთელი გულით, ყოველთვის ქვეყნის გამარჯვება გვენდომება. ფეხბურთი კი არა, ზაზა ნადირაძის ნაოსნობაზე მინერვიულია ბოსნიური გახმოვანებით. ეს ავადმყოფობა არ იკურნება. დღესაც და მერეც – დაე ყველას მოეგოს, ვისაც მაისურზე ხუთჯვრიანი დროშა ახატია. მე მინდა, რომ ისინი გმირებად, ლეგენდებად, სამუდამო სიმბოლოებად იქცნენ.
თუმცა, ხალხისგან დაშორებულ, დადუმებულ, დაბრმავებულ და, ამიტომაც – დაპატარავებულ სპორტსმენებს რომ უყურებ, ძნელია, ილუზია არ ჩამოგემსხვრეს. რა მეტაფორა, რა ბრძოლა, ჩვენს ფეხბურთელებს ფეხბურთი მართლა თამაში ჰგონებიათ მხოლოდ. მორაგბეებსაც, ჯუდოკებსაც, სხვებსაც. გმირობა ბოჭვა ან ნახტომი არაა. არც ჩინოვნიკის ჩამოკიდებული მედლები გაძლევს ეროვნული გმირის სტატუსს. სხვა რამეა საჭირო, როცა ასე ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე ხარ მასთან. თუმცა, პუშკაშები და ბობანები ათასში ერთი თუ გამოერევა, სხვა დანარჩენისთვის კი ჰერმესის და ბირკინის ჩანთები არსებობს.
ეგრე გამოვიდა, რომ ამ ქვეყანაში ყველას თავისი წილი საქართველო ჰქონია. მართალი ხალხის წილმა საქართველომ გუშინ და გუშინწინ ძალიან დიდი ბრძოლები წააგო – უდანაშაულო და ნაწამები ბიჭები წავიდნენ წლობით ციხეში. დღეს სათამაშოდ გამოსულები კი იმედია თავის მატჩებს მოიგებენ, მაგრამ მთავარ ბრძოლას ჩუმად გარიდებულნი, ისინი ვერასოდეს იქცევიან ეროვნულ გმირებად.
აი ეს კი, თავისთავად, ნებისმიერი თამაშის წაგებაზე ბევრად უფრო დიდი ტრაგედიაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება