რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეტროების შესასვლელებთან პოლიცია აჩერებს მოქალაქეებს იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამის ოქმებს ადგენს.
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია აჩერებს პირბადიან მოქალაქეებს.
შესაბამისი ღონისძიებები ტარდება მას შემდეგ, რაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდა.
მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
შსს-ს თანახმად, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირია დაკავებული.




