თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში ანუ 20-21 ოქტომბერს “გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის გამო” 14 ადამიანი დააკავეს.
ვაჟა სირაძის თანახმად, დაკავება უკავშირდება 17 ოქტომბრიდან შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის გამკარცებულ რეგულაციებს.
14 დაკავებულის ინიციალები:
ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.კ., კ.მ., ბ.კ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს.
“მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს”, – ტქვა ვაჟა სირაძემ 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, “სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.” მისი ინიციალები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს არ დაუსახელებია.
შსს-ს თანახმად ბოლო 3 დღის განმავლობაში (19,20,21 ოქტომბერი) აქციის მონაწილეების მხრიდან “გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია”.
მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანი ვახო სანაია და ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი.
დღეს, 21 ოქტომბერს დააკავეს ასევე მოქალაქეები, ბექა ქურხული და ბორის კუცია, ასევე ცირა ჟვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი პაკეტის მიღების შედეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.
ფორუმი
