ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავიდა უკრაინა და მოლდოვა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად, ეს ორი ქვეყანა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. პარალელურად კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან წელიწადი და 10 თვე გავიდა.
რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლოა, კიდევ 3 წელი გაგრძელდეს! გერმანული გამოცემა bild-ი პუტინის გეგმებზე ლაპარაკობს! ცნობილი გამოცემა, სადაზვერვო მონაცემებსა და სანდო წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთი, 2024-2026 წლებში, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.
Bild-ი ამტკიცებს, რომ 2024 წლის ბოლომდე, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრულ ტერიტორიას დაიკავებს. Bild-ის ინფორმაციითვე, რუსეთი ასევე გეგმავს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქების დიდი ნაწილის, მათ შორის, ქალაქ ხარკოვის ოკუპაციას, 2025-2026 წლებში.
გამოცემის წყაროების თანახმად, პუტინს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს. მათ შორის, იმედებს ამყარებს 2024 წელს შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, რომელიც შეაჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას. გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი, 2024 წლის მარტში, რუსეთში დაგეგმილი არჩევნების წინ, უკრაინაში თავდასხმის მასშტაბებს გაზრდის და მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ეცდება.
ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა შედეგით დასრულდება ომი, თუმცა ეს არის ექსპერტების შეფასებები და პროგნოზები. უკრაინაში კი ომის დაწყებიდან 662-ე დღეა. ბოლო 24 საათში, ფრონტის ხაზზე, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთშია გადაჭიმული, 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დაიბომბა ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ხერსონი და მიკოლაევი. აქტიური საბრძოლო მოქმედებებია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.
რუსეთმა, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა კიევზე! უკრაინის დედაქალაქისკენ ოკუპანტებმა რაკეტები 13 დეკემბერს გაუშვეს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შემდეგ, დაშავებულთა რაოდენობა 60-ზე მეტია. მათ შორის, არიან ბავშვები. საცხოვრებელ უბნებში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიწვა ავტომობილები.