რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 835.9 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს.
„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2 641.5 მლნ. დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7 პროცენტი შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: (569.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (241.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (224.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 217.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 191.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).
რუსეთში ადგილობრივი საქონლის ექსპორტის მოცულობა ასეთია:
· 2015 წელი – $155.1 მლნ
· 2016 წელი – $191.5 მლნ
· 2017 წელი – $357 მლნ
· 2018 წელი – $383.3 მლნ
· 2019 წელი – $438.9 მლნ
· 2020 წელი – $409.3 მლნ
· 2021 წელი – $562.6 მლნ
· 2022 წელი – $537.9 მლნ
· 2023 წელი – $559.4 მლნ
· 2024 წელი – $653.4 მლნ (2024 წლის იანვარ-ოქტომბერი $553.7 მლნ)
· 2025 წლის იანვარ-ოქტომბერი – $569.4 მლნ.