რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ მასალის გავრცელებისთვის ჯარიმებს დააწესებენ

ნოემბრის ბოლოდან, რუსეთში ამოქმედდება იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მის უწყებას საშუალება მიეცემა, დააჯარიმოს „მესამე პირები“, რომლებიც ავრცელებენ„უცხოეთის აგენტების“ მასალებს იმის აღნიშნვის გარეშე, რომ ისინი „უცხოეთის აგენტები“ არიან.
„მედუზას“ ცნობით, ჯარიმა 300 000-დან 500 000 რუბლამდე [დაახლოებით 3000-5000 დოლარი] იქნება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ოლეგ სვირიდენკოს განმარტებით, დააჯარიმებენ „მესამე პირს“ რომელიც: „განგებ, ან უნებლიედ ეხმარება, ან მხარს უჭერს უცხოეთის აგენტებს. დავუშვათ, რაღაც არხი აჩვენებს ბატონ მაქსიმ გალკინს, და ავიწყდება აღნიშვნა, რომ იგი „უცხოეთის აგენტია“. იგივე ეხება წიგნებსაც“.
ასეთ შემთხვევაში, ს იუსტიციის სამინისტრო ჯერ გაფრთხილებას მიმართავს, ხოლო თუკი ერთი თვის განმავლობაში „დარღვევა“ არ იქნება აღმოფხვრილი, „პირველ ჯერზე“ დააჯარიმებს. სვირიდენკოს თქმით, უწყება შეიძლება სასჯელის ზომის მხრივ უფრო შორსაც წავიდეს.
ჯარიმები შეეხება „ბიბლიოთეკებს, წიგნებს, უნივერსიტეტებს, ტელევიზიებს და ყველაფერ სხვას“.
„უცხოეთის აგენტებზე“ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს — კრემლისთვის არასასურველ პირებთან თუ ორგანიზაციებთან საბრძოლველად. თანდათანობით კანონმდებლობა გამკაცრდა და დღეისთვის, ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ნებისმიერის გამოცხადება შეუძლია „აგენტად“. მათ თავიანთ ნებისმიერ აქტივობას უნდა დაურთონ განმარტება, რომ „მასალას უცხოეთის აგენტი“ ავრცელებს. ახალი კანონმდებლობით, აღნიშნულმა პირებმა თავადაც უნდა მიმართონ ხელისუფლებას „აგენტად“ გამოცხადებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი