რუსეთში სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს მოთხრობა, რომელიც ტყვე კავკასიელი მებრძოლისადმი რუსი ჯარისკაცის ჰომოსექსუალურ ლტოლვაზეა

ე.წ. ლგბტ თემების პროპაგანდის გამო ს სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს რუსი მწერლის, ვლადიმირ მაკანინის, მოთხრობა “კავკასიელი ტყვე”. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, სახელმწიფო დუმის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე იანა ლანტრატოვაზე დაყრდნობით.
დეპუტატი ირწმუნება, რომ იგი“ მშობლებისგან მასობრივად იღებდა მიმართვებს“ იმის შესახებ, რომ მოთხრობა სასკოლო პროგრამაში შედიოდა. “ეს მოთხრობა დატყვევებული კავკასიელი ‘ბოევიკისადმი' რუსი ჯარისკაცის ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე გვიამბობს “, – ამბობს ლანტრატოვა.
ღია საინტერნეტო წყაროების თანახმად, რუსი მწერლის, ვლადიმირ მაკანინის მოთხრობა 1995 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება რუსი ჯარისკაცისა და ახალგაზრდა ჩეჩენი მებრძოლის ურთიერთობას.
ამ მოთხრობისა და რომანისათვის „ანდერგრაუნდი, ანუ ჩვენი დროის გმირი“ მაკანინს 1999 წელს ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში რუსეთის სახელმწიფო ფედერაციის პრემია მიენიჭა.
რუსი დეპუტატის აზრით, ეს მოთხრობა შეურაცხყოფს რუსი ჯარისკაცების პატივსა და ღირსებას. „ არა ასეთი მოთხრობებისთვის ვესწრაფოდით ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. მადლობელი ვარ განათლების სამინისტროსი, რომ სწრაფადვე მოახდინა რეაგირება და მარტში მაკანინის მოთხრობა საგანმანათლებლო პროგრამიდან ამოიღეს”, – თქვა დეპუტატმა.
· 2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები 400 ათას რუბლამდე ფიზიკური და ხუთ მილიონ რუბლამდე – იურიდიული პირებისა და ორგანიზაციებისათვის.
· 2023 წლის 30 ნოემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, არარსებული “საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის” აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
· 2023 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 62% ამბობს, რომ ქვიარების უფლებები უნდა შეიზღუდოს. 11%-ის აზრით კი, ლგბტ ადამიანებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ რუსეთში ცხოვრება.
· ლგბტ ადამიანებს და, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ადამიანებს, ხშირად ახსენებს ვლადიმირ პუტინიც.
· პუტინის თქმით, ის, რომ დასავლეთის ქვეყნებში ქვიარებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლება აქვთ, დასავლეთის გადაგვარებაზე მიუთითებს.
· ამ იდეებს იმეორებს კრემლის პროპაგანდაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ