რუსეთში დააპატიმრეს აფხაზი ოპოზიციონერი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ადგურ არძინბა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოკუპირებული აფხაზეთის პროსამთავრობო Telegram არხებით გავრცელდა, მოგვიანებით კი ამბავი ოპოზიციურმა RESPUBLICA-მაც დაადასტურა:
„21 ივნისს, ადგურ არძინბა სოჭის პოლიციის დეპარტამენტში გამოიძახეს, 2025 წლის აპრილში, მდინარე ფსოუს გასწვრივ სახელმწიფო საზღვრის ავტომობილით გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე კი მას ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – სატრანსპორტო საშუალების მართვა ჩამორთმეული მართვის მოწმობის პირობებში“.
დაჩქარებული წესით ჩატარებული სასამართლო პროცესის შედეგად, მას 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. მაშინ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუამ“ განაცხადა, რომ ეს იყო „პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ოპოზიციურ ფიგურაზე“.
უფრო ადრე რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოპოზიციონერებს კან კვარჩიას და ლევან მიქაას, რომლებიც არძინბასთან ერთად სათავეში ჩაუდგნენ საპროტესტო აქციებს, რამაც 2024 წლის ნოემბერში ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია. თავად არძინბას მოქალაქეობა არ ჩამორთმევია, მან მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე ტურში ბადრი გუნბასთან დამარცხდა.
ფორუმი
