რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს დისკუსიები რუსეთში იშვიათ მიწათა ლითონების პროექტებზე. ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა. ის უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა.
კირილოვი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში, საუდის არაბეთში გაიმართა.
„იზვესტიის“ სტატიაში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, კირილოვი ამტკიცებს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ პროექტებისადმი ინტერესი უკვე გამოხატა. პრეზიდენტ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს კომპანიები და რაიმე სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამერიკულ მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
კირილოვის თქმით, რუსეთს იშვიათ მიწათა მეტალების გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე უკრაინას და თავისი მარაგებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
„იზვესტიას“ მოჰყავს რუსეთის ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, იშვიათი ლითონების საერთო მარაგი 658 მილიონი ტონაა და მათგან 28,5 მილიონია ტონაა იშვიათ მიწათა მეტალების მარაგი, თუმცა მოპოვება 1%-ს არ აღემატება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.
უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში როგორც რუსეთში, ისე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გასულ კვირაში დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც თვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
30 მარტს Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინა აშშ-ს შესთავაზებს ახალ პროექტში ცვლილებებს, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების გაზრდის პირობას.
ფორუმი
