რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს.
კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 15-17 მარტს გაიმართება. კენჭისყრის ძირითადი დღეა კვირაა, 17 მარტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გაიხსნა 94 ათასი საარჩევნო უბანი, 29 რეგიონში კი, საარჩევნო უბნებთან ერთად, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის (DEG) სისტემა მოეწყო.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნები ასევე გაიხსნა ანექსირებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი). „მედუზას“ ინფორმაციით, პუტინის კონკურენტები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი კრიტიკისგან თავს იკავებდნენ.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო საფრთხის გამო, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულებმა საარჩევნო უბანი დატოვეს და მიიმალნენ. სარაკეტო განგაში 15 წუთში გაუქმდა და კენჭისყრა გაგრძელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე შვიდი რაკეტა RM-70 Vampire ჩამოაგდეს.