რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გაახანგრძლივა და შეზღუდვები შემოიღო საწვავის სხვა სახეობებზე.
ახალი განკარგულებით, საავტომობილო ბენზინის ექსპორტი 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა გახანგრძლივებული და ის ყველა ექსპორტიორს შეეხება, მათ შორის უშუალო მწარმოებლებსაც. აქამდე, მწარმოებლებს ბენზინის ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე ჰქონდათ აკრძალული, ხოლო არამწარმოებლებს – ოქტომბრის ბოლომდე.
კიდევ ერთი განკარგულებით, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იკრძალება დიზელის საწვავის, საზღვაო საწვავისა და სხვა გაზოილების ექსპორტი, მათ შორის ბირჟაზე შესყიდულების. თუმცა შეზღუდვები დიზელის საწვავის მწარმოებლების ექსპორტს არ ეხება.
ცნობისთვის, რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 2025 წლის ივნისის ბოლოს აკრძალა ფასების ზრდის გამო. აგვისტოში ეს აკრძალვა გაახანგრძლივეს.
